1945 წელს, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ბორის ვასილის ძე სერდიუკოვი, ბაქოს კომაროვის სახელობის ბოტანიკური ბაღიდან სამუშაოდ გადმოვიდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში და დაინიშნა მთავარ ბოტანიკოსად.
ამავე წელს მან ბაღში დაარსა “დეკორატიული მებაღეობისა და მეყვავილეობის განყოფილება”, რომელიც მდებარეობდა ბოტანიკური ბაღის მთავარ შესასვლელთან, წავკისისწყლის ხევის მარცხენა მხარეს.
ბატონ ბორისს რთულ პერიოდში მოუხდა მუშაობა. ომი ახალი დამთავრებული იყო, მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა, იგი საქმეს ჩვეული მონდომებით ასრულებდა. ფართო ერუდიციის მეცნიერი, თავდაუზოგავად ხელმძღვანელობდა სამეცნიერო კვლევებს და ექსპედიციებს, რომლის მიზანი საქართველოსა და კავკასიის ფლორის შესწავლა. იმავდროულად დიდ ყურადღებას უთმობდა ბაღში დეკორატიული მცენარეების გამრავლებასა და ახალი სახეობების შემოტანას.
მუშაობის დაწყებისთანავე, ბატონმა ბორისმა შემოიკრიბა მაღალკვალიფიციური მეცნიერ მუშაკები: ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ქალბატონი მელიტა ექვთიმიშვილი, რომელიც იგი წლების მანძილზე მუშაობდა ვარდების კოლექციის შექმნასა და ახალი ჯიშების გამოყვანაზე. მასთან ერთად მუშაობდა მეცნიერ თანამშრომელი ჟუჟუნა ავალიშვილი; ქალბატონი თამარ დუმბაძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ტროპიკული მცენარეების კოლექციის შექმნაში. აქვე იღვწვოდნენ ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ნიკოლოზ ქაფიანიძე, სტუდენტები ნანა ყუბანეიშვილი და ლია ალავიძე. მათი ერთობლივი მუშაობით შეიქმნა ტროპიკული დეკორატიული მცენარეების მდიდარი კოლექცია. ასევე, დეკორაციული მებაღეობისა და მეყვავილეობის განყოფილების განვითარებაში დიდი წვლილი შექონდათ მეცნიერებს: თამარ ჩერქეზიშვილს, ნელი ხომასურიძეს, ეთერ ხომასურიძეს, ლია ქვარიანს. ბორის სერდიუკოვის მოწაფე და მისი საქმის ღირსეული გამგრძელებელია, დღევანდელი განყოფილების გამგე, ლამარა ასიეშვილი.
1975 წელს, განყოფილების გამგედ დაინიშნა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი გურამ აბესაძე. ის განყოფილებაში ორ მიმდინარეობას უძღვებოდა: კავკასიის კულტურული ფლორისა და ველური ფლორის მცენარეების კვლევასა და კულტივირებას. განყოფილებაში მისი ხელმძღვანელობით მუშავდებოდა მეტად აქტუალური თემა, „ნიადაგმფარავი მცენარეები“, რომელსაც გამოყენების დიდი პერსპექტივა აქვს მეყვავილეობისა და ლანდშაფურ დიზაინის საქმეში.
1982 წელს თბილისის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის დირექტორის მამია გოგოლიშვილის ხელმძღვანელობით, პირველად ბოტანიკური ბაღის ისტორიაში, გაიხსნა „ფლორისა და ბუნების დაცვის“ განყოფილება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა და ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (პალეონტოლოგი) ნოე კონსტანტინეს-ძე რატიანი.
ნ. რატიანის ხელმძღვანელობით გაფართოვდა და მიზანდასახული გახდა განყოფილების კონცეფცია და სტრატეგია. მისი თაოსნობით ჩატარებულია მრავალი ექსპედიცია საქართველოსა და კავკასიის იშვიათი, ენდემური და რელიქტური სახეობების გამოსავლენად და გასამდიდრებლად. დიდია ბატონი ნოეს ღვაწლი ახალგაზრდა კადრების აღზრდის საქმეში. ის იყო მრავალი ასპირანტისა და მაძიებლის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
1983 წელს განყოფილებას სახელი შეეცვალა და ეწოდა „ბოტანიკისა და ბუნების დაცვის განყოფილება“.
1989 წელს ბატონი ნოე ცენტრალური ბოტანიკური ბაღის დირექტორად დაინიშნა. იმავე წელს სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ამ განყოფილების გამგედ დაინიშნა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლამარა ასიეშვილი. რომელიც დღემდე უძღვება ამ განყოფილებას.
1990 წელს, ფლორისა და ბუნების დაცვის განყოფილებას სახელწოდება შეეცვალა, და ეწოდა „კავკასიის იშვიათ და გადაშენებად მცენარეების“ განყოფილება, სადაც ყოველწლიურად მიმდინარეობს კოლექციის გამდიდრება იშვიათი, ძვირფასი, ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე სახეობებით.
დღეს კავკასიის იშვიათ და გადაშენებად მცენარეთა განყოფილების საცდელ-საკოლექციო ნაკვეთზე შექმნილია ბალახოვანი და მერქნიანი მცენარეების მდიდარი კოლექცია, (600-მდე) რომელთა უმრავლესობა შესულია წითელ წიგნებსა და წითელ ნუსხაში, ზოგიერთი მათგანი კი შეტანილია მსოფლიოს იშვიათ მცენარეთა სიაში.
თვითოეული სახეობის დაცვა, გადარჩენა და გამრავლება შრომეტევადი და მრავალწახნაგოვანია. წლების წინ დაწყებულ საქმეს დღეს აგრძელებენ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კავკასიის იშვიათ და გადაშენებადი მცენარეების განყოფილების თანამშრომლები ლამარა ასიეშვილი, ნინო ერაძე, მარინე სირაძე. ისინი ატარებენ კავკასიისა და საქართველოს იშვიათ და გადაშენებად მერქნიან და ბალახოვან მცენარეთა სახეობებზე სისტემატიკურ მონიტორინგს ბუნებრივ პირობებსა და კულტურაში, რაც განყოფილების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და სტრატეგიაა. კვლევის შედეგები ყოველწლიურად ქვეყნდება სამამულო და უცხოურ სამეცნიერო წყაროებში.