ფიჭვნარი - ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი საინტერესო მცენარეთა კოლექციაა, რომლის ფართობია 0.8 ჰა. დღეისათვის კოლექციას უჭირავს, ბაღის ცენტრალური ნაწილის 88-დან 98-ის ჩათვლით, თარგები. ნაკვეთი განლაგებულია ჩრდილოეთ ფერდობზე, სადაც ნიადაგობრივი პირობები ძირითადად ერთგვაროვანია და წარმოდგენილია ღარიბი ქვიშნარებით, რომლებსაც ახასიათებს დიდი წყალგამტარიანობის უნარი, რაც ზაფხულის გვალვის შემთხვევაში უქმნის მცენარეებს არსებობისათვის არახელსაყრელ პირობებს.
ფიჭვის გვარში დაახლოებით 100 სახეობაა და გავრცელებულია მთელ ჩრდ. ნახევარსფეროზე. საქართველოში 40 სახეობაზე მეტია ინტროდუცირებული. ამჟამად ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იზრდება ფიჭვის 27 ტაქსონი, მათ შორის ფიჭვნარშია 13 - Pinus bungeana, P.coulteri, P.eldarica, P.halepensis, P.kochiana, P.pallasiana, P.pityusa, P.ponderosa, P.radiata, P.sabiniana, P.strobus ‘Macopin’, P.taeda da P.wallichiana.
ბაღის სხვა ნაკვეთებში გვხდება ფიჭვის შემდეგი ტაქსონები - Pinus armandii, P. nigra, P.mugo var.mughus, P.mugo ‘Mops’, P. mugo ‘Ophir’, P.mugo var.pumilio , P.pinea, P.thunbergiana, P.sibirica, P.leucodermis ‘Compacta Gem’, P.massoniana, , P.nigra‘Austriaca’, P.n.‘Pierrick Bregeon’, P.n.‘Pyramidalis’.
ფიჭვების მიმდებარე ტერიტორიაზე არის სხვადასხვა სახეობის და სხვადასხვა ფლორისტული ოლქის მცენარეები, რომლებმაც იმის გამო, რომ უკავიათ ჩრდილოეთი ექსპოზიცია და შედარებით უფრო მცირე დაქანების ადგილები, უფრო ნაკლები ხარისხით განიცადეს გვალვის გავლენა, ვიდრე სამხრეთ ექსპოზიციაზე მდებარე ხე-მცენარეების კოლექციებმა.
ადგილობრივი პირობებს ყველაზე კარგად შეეგუენ და კარგი ზრდა-განვითარებით ხასიათდებიან - Pinus bungeana P. coulteri, P.eldarica, P.halepensis, P.pityusa. ისინი შედარებით ადვილად შეეგუენ მშრალ სუბარიდულ კლიმატურ პირობებს და კარგადაც იზრდებიან მორწყვის გარეშე.
ფიჭვების სახეობრივი და რაოდენობრივი შემცირება, რომელიც ბოლო დროისათვისაა დამახასიათებელი, გამოწვეულია ინტროდუცენტების ადრეული დაბერებით, აგრეთვე ნიადაგის და კლიმატის ფაქტორებით, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ინტროდუცირებულ ფიჭვებზე. ფიჭვების უმეტესობას 80-110 წლის ასაკში ეწყებათ წვერხმობა და შემდეგ თანდათანობით ხმებიან.
1993-95 წლამდე ბაღის პირობებს კარგად ეგუებოდა ყირიმის ფიჭვი (Pinus pallasiana). ფიჭვნარში ამ სახეობის 175 ხე იზრდებოდა. 1996-2000 წწ. გვალვების შედეგად გახმა ყირიმის ფიჭვის (Pinus pallasiana) რამდენიმე ათეული მცენარე. ჰიმალაის ფიჭვის (P.wallichiana) მასობრივი ხმობის გამო, მისი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ხმობა შეეხო 100-წლიან და უფრო ახალგაზრდა ხეებს. ხმობის მიზეზი ჯერ კიდევ აუხსნელია. შესაძლოა იგი სოკოვან დაავადებასთანაც იყოს დაკავშირებული. ბაღის კოლექციიდან მთლიანად ამოვარდა ზღვისპირა და შესანიშნავი ფიჭვები (P.pinaster და P.radiata).