არქიტექტურული ნაგებობები


ბაღში დღეს არსებული ისტორიული ნაგებობების ძირითადი ნაწილი XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. მათი მშენებლობა ბაღის დირექტორის, თბილისელი გერმანელის, ადოლფ ქრისტიან როლოვის (ბაღს ხელმძღვანელობდა 1889-1919 წლებში) სახელთან არის დაკავშირებული. ამ ხანისაა პატარა ორანჟერეა - ოთხკუთხა აუზს გადაფარებული, რკინის მრუდხაზოვანი კარკასის მქონე შემინული სათბური, განკუთვნილი უმშვენიერესი Victoria Regia-სთვის. 1903-1904 წლებშია აგებული ან რეკონსტრუირებული სალაროსა და ლაბორატორიის, სასტუმროს, მებაღეობის განყოფილებისა და მუზეუმის ერთ - ან ორსართულიანი ნაგებობები, რომლებსაც მსგავსი მასშტაბი, სამშენებლო მასალა და საფასადო გაფორმება აერთიანებს. ყველა მათგანი განეკუთვნება XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპულ ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული ეკლეკტიზმის რაციონალურ მიმდინარეობას, რომელიც რუსეთის იმპერიაში ე. წ. აგურის სტილის სახელით გახდა ცნობილი. ამ ნაგებობათა მხატვრულ სახეს საერთო ზომიერება, კოხტა პროპორციები, წითელი აგურის მჭიდრო, ლამაზი წყობა, ფასადების ერთნაირი კომპოზიციური აგება და აგურითვე გამოყვანილი მარტივი დეკორი განსაზღვრავს.
ცოტა მოგვიანებით, 1914 წელს ინჟინერ-არქიტექტორ დენისენკოს პროექტით აიგო ბაღის კიდევ ერთი ხიდი, რომელიც ფართო, 32 მეტრიანი თაღოვანი მალითაა გადატყორცნილი ჩანჩქერის თავზე. მწყობრი პროპორციებით, ფორმის სიმსუბუქითა და მოხდენილი რკალური მოყვანილობით გამორჩეული, საქართველოში ერთ-ერთი უადრესი რკინა-ბეტონის კონსტრუქცია შესანიშნავადაა მორგებული ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტს და ჩანჩქერთან ერთად მის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაა ქცეული.
ამჟამად ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზეა მოქცეული, მუსლიმთა ძველი სასაფლაოს - გორხანას ადგილზეა მოწყობილი, აზერბაიჯანელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. აქ განისვენებენ მოღვაწეები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ საქართველოს და საკუთრივ თბილისის ისტორიასა და კულტურულ ცხოვრებაში - მირზა შაფი ვაზეჰი, მირზა ფათალი ახუნდზადე (ახუნდოვი), ფათალი ხან ხოისკი, ჰასან ბეი აღაევი.
საბჭოთა ხანისა და ბოლოდროინდელმა მიშენება-გადაკეთებამ მნიშვნელოვნად უცვალა ბოტანიკური ბაღის ნაგებობებს თავდაპირველი სახე, თუმცა ყოველი მათაგანი კვლავაც ინარჩუნებეს არა მარტო ისტორიულ, არამედ მხატვრულ ღირებულებასაც.