ისტორიული არბორეტორიუმი

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ისტორიული არბორეტუმი (#01) (Arboretum ეწოდება ტერიტორიას, სადაც წარმოდგენილია ხემცენარეთა ერთობლიობა სამეცნიერო და სადემონსტრაციო მიზნით) გაშენებულია სოლოლაკის ქედის სამხრეთ ფერდობზე. აღმოსავლეთით იგი უშუალოდ ეკვრის აბანოთუბანს, ჩრდილოეთიდან შემოფარგლულია ნარიყალას ციხის კედლებით, სამხრეთის მხრიდან – მდინარე წავკისისწყლით, დასავლეთით მიჰყვება ხევს და გრძელდება ჩანჩქერამდე, ბამბუკებისა და ჭადრების კოლექციების ჩათვლით.
ტერიტორიის სიგრძე 600 მეტრია, ხოლო მთლიანი ფართობი – 6,5 ჰა. იგი უმეტესად დატერასებულია 12 საფეხურად. ტერასები გამაგრებულია ქვის საყრდენი კედლებით. აქ გვხვდება როგორც ციცაბო, ისე შედარებით ვაკე და დამრეცი ფერდობები. ტერასებზე გაშენებულია მერქნიან მცენარეთა ისტორიული კოლექციები, ფერდობები კი ადგილობრივ მცენარეულობას უჭირავს. აქვე დგას „სვანური“ ტიპის ორი კოშკი.
როგორც უკვე ცნობილია, 1887 წელს გამოიცა ბოტანიკური ბაღის მცენარეთა პირველი კატალოგი, რომლის მიხედვით არბორეტუმში იზრდებოდა 258 სახეობის მერქნიანი მცენარე, აქედან 138 კავკასიაში ველურად მოზარდი სახეობა იყო, 120 კი სხვადასხვა ქვეყნიდან ინტროდუცირებული.
საინტერესოა, რომ დღევანდელ არბორეტუმში შემოგვრჩა ისეთი ხნოვანი მცენარეებიც, რომლებიც 1887 წლის მონაცემებით იმ პერიოდში ამშვენებდა ძველ ისტორიულ ნაწილს, ესენია: უთხოვარი -Taxus baccata, მარადმწვანე კვიპაროსი - Cupressus sempervirens, ქაღალდის ხე - Broussonetia papyrifera, კავკასიური აკაკი - Celtis caucasica, ჩინური ვისტერია - Wisteria sinensis, იაპონური სოფორა - Styphnolobium japonicum, სამეკალა გლედიჩია - Gleditsia triacanthos, გიმნოკლადუსი - Gymnocladus dioicus, ხემაგარა (ფირმიანა) - Firmiana platanifolia, ცრუაკაცია (ეკლის ხე) - Robinia pseudoacacia, ხერხკბილა ფოტინია - Photinia serrulata, ლენქორანული ხერკინა - Parrotia persica, ძელქვა - Zelkova carpinifolia, გინკგო - Ginkgo biloba, ცეფალოტაქსუსი - Cephalotaxus drupacea, ბიჭვინთის ფიჭვი - Pinus pityusa, ქართული ნეკერჩხალი - Acer ibericum და სხვ.
2017 წელს განხორციელებული მერქნიან მცენარეთა ინვენტარიზაციის მონაცემებით ისტორიული არბორეტუმის მცენარეები წარმოდგენილია 52 ოჯახით, 112 გვარით, 192 სახეობით, 2 სახესხვაობით, 15 კულტივარითა და 3 ფორმით. ისტორიული არბორეტუმის კოლექციებში დაცულია კავკასიისა და საქართველოს იშვიათი და გადაშენებადი სახეობები.
განაშენიანების პროცესში შემოტანილი ეგზოტური და ადგილობრივი მერქნიანი მცენარეები ისტორიულ არბორეტუმში დარგულია ლანდშაფტის დაცვისა და სადემონსტრაციო მიზნებისათვის. ყოველწლიურად მიმდინარეობს ისტორიული არბორეტუმის კოლექციის განახლება, რაც გულისხმობს ასაკოვანი მცენარეების ჩანაცვლებას და კოლექციის გამდიდრებას ახალი მერქნიანი სახეობებით.
ისტორიული არბორეტუმის მცენარეთა კოლექციას კურირებს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლიანა ოსიშვილი, ხოლო აგროტექნიკურ სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს აგროტექნიკოსი ნატალია ერაძე.