დღეს საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ჩაის ცერემონიას უმასპინძლა, რომელსაც ორგანიზება იაპონიის საელჩომ გაუწია. ცერემონიას უძღვებოდა იაპონიიდან ამ ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატი - მიჩიკო უჩინო. ღონისძიებას დაესწრო იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ბატონი ტადაჰარუ უეჰარა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები. ჩაის ცერემონია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა და მეგობრობისა და თანამშრომლობის აღსანიშნავად იაპონიის ელჩს საქართველოში ბატონ ტადაჰარუ უეჰარას სპეციალურად მისთვის დამზადებული საჩუქარი გადასცა, რომელიც ნათია სურგულაძისა და თამარ აროშიძის მიერ ტრადიციული იაპონური გრავიურების მიხედვით შექმნილ ნამუშევრებს წარმოადგენს. ჩაის ცერემონია ანუ ჩანოიუ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალიზებულ მომზადებას. ჩაის ცერემონია იმისთვის არის შექმნილი, რომ თანამონაწილეებმა მიიღონ სიმშვიდე როგორც მათი ყურადღების უმარტივეს ბუნებრივ ასპექტთა სილამაზეზე (შუქის სხივები, წყლის ხმა, ნაკვერჩხლის ალი და ა. შ.), ასევე სამყაროს შემოქმედებით ძალაზე კონცენტრირებით. ღონისძიებას 200-მდე სტუამრი დაესწრო, რის ფარგლებშიც მათ ჩაი დააგემოვნეს და იაპონურ კულტურას უფრო ახლოს გაეცნენ.